RSS

ანნა კორძაია-სამადაშვილი- პატარა ბედნიერებების პრიმა

    “ვინც ერთ ღამეს გაათენებს მთაში, ღამით მოდიან  ტროლები და 

                                         მისი  სულის ნახევარი  მიაქვთ და იმისათვის, რომ სავსედ იგრძნო

                                        თავი, იქ უნდა დაბრუნდე.”

(ა.კ.ს. “ცხელი შოკოლადი”)

  ფოტო "ცხელი შკოლადიდან"

ბოლო ნაფაზი დაარტყა. ცალი ხელით კედელს მიეყრდნო. ფეხი მუხლში მოხარა, სიგარეტი შავი, პატარა ქუსლიანი „ოქსფორდის“ ძირზე სწრაფი მოძრაობით ჩააქრო და ნამწვს სანაგვეში გადაუძახა.  წითელი, ბიჭურად შეკრეჭილი თმა აქვს. გამხდარია, საშუალო სიმაღლის. უცნაური სიარულის მანერა აქვს, როგორც მაშო ამბობს, სადღაც ბალერინასა და მთასვლელს შორის.

     ერთი გზა გვქონდა. ქუჩა გადავჭერით და სანამ მე ტაქსებს დავუწყე თვალიერება, ის უკვე მძღოლის გვერდით იჯდა ტაქსში და მეძახდა. გზაში ვუთხარი, რომ მასზე მინდოდა დამეწერა. შემოტრიალდა და მითხრა: “ჩემო ძვირფასო, არ იცი, როგორი ამაყი ვარ“  და გამიღიმა საოცრად გულწრფელი ღიმილით. ღმერთმანი,  ძნელია, წინააღმდეგობა გაუწიო ტაქსში ფულის გადახდაზე. მძღოლი ჩაჯდომისთანავე გააფრთხილა: „ამ გოგონას ფული არ გამოართვათ, ყალბი კუპიურები აქვსო“. იმანაც „დაუჯერა“.

1971 წლის 25 თებერვალს თბილისში ავტობუსი დაეჯახა ქალს. ასფალტზე სათამაშოები  მიმოიფანტა. ქალი გარდაიცვალა. მას ერქვა ანა  და გვარად იყო კორძაია.  მეორე დღეს მისიშვილიშვილი, ანა კორძაია- სამადაშვილი 3 წლის ხდებოდა. ბევრ რამეს უმადლის ამ ქალს ანა. ბებია ანა მაღალი რანგის ადვოკატი ყოფილა. ცნობილია, რომ მან დახვრეტას გადაარჩინა პურის ბართების ქურდობისათვის გასამართლებული კაცი, სინამდვილეში კი ტექსელის აჯანყებაში მონაწილე გმირი. „მარკიზას“ ეძახდნენ თურმე სილამაზით ცნობილ ქალბატონ ადვოკატს. დედა წერეთლის ქალი, 16 წლის მასზე მშობიარობას გადაჰყოლია. მამა-ორჯერ გადაუსახლეს. პაპა დავითს სიგელები ჰქონიაო სახლში, მონადირე ყოფილა. უცნაური ბედისწერა ჰქონდაო ბებიას- ამბობს ანა.  დავითის ძმა, თეოფანე კორძაია ბერი ყოფილა. პროგრესულად მოაზროვნე და განმანათლებელი. ბერ თეოფანეს სვანეთში ეკლესია აუშენებია და მონასტერი დაუარსებია. მანვე დაწერა პირველი სვანური გრამატიკა და სვანურ ქართული ლექსიკონი. პირველად სვანეთში კარტოფილიც მას ჩაუტანია.

ანას დედის მხრიდან 6 თაობა მღვდლები იყვნენ. მათგან უკანასკნელი, ნიკოლოზ სამადაშვილი სოღანლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში სწირავდა კომუნისტების მოსვლამდე. ერთ-ერთი პირველ ქართველი ყოფილა, ვინც ოსეთში ოსურ ენაზე ქადაგებდა. ანას პაპები ძალიან უყვარს. ბებია ნატა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ლამის 100 წლისა და ანას ახსოვს მისი ნათქვამი, რომელსაც ცოტა მოგვიანებით მიხვდა: მე რომ აღარ ვიქნები, შენ მაშინ აღარ იქნები პატარაო.

7 წლის იყო ანა, თამარაშვილზე რომ დასახლდნენ. განსაკუთრებულად სტუმართმოყვარე ოჯახში ყოველთვის სტუმრიანობა იყო. აბაჟურის ქვეშ მაგიდასთან, ჭიქა ჩაიზე, მუდმივად მსჯელობდნენ სხვადასხვა თემებზე. მამა არსენ კორძაია ფილოლოგიის პროფესორი უნივერსტეტში კითხულობდა ლექციებს, დედა-ნანული სამადაშვილი-კორძაია – რომის სამართალს, იურიდიულ ფაკულტეტზე. მშობლებმა ანას  აზროვნების თავისუფლება მისცეს. მათ სახლში ხშირად ხმამაღლა იკითხებოდა ნაწყვეტები ბიბლიიდან, რაც იმ დროში, საბჭოთა ეპოქაში,  ადვილი არ იყო.

ანა პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა. არც ერთი კეთილი მოგონება არ მაქვსო სკოლიდან. სკოლის დამთავრების შემდეგ ფეხი აღარ შეუდგამს სკოლაში.

ნინო ნოზაძე ანას ბავშვობის მეგობარია. იხსენებს, რომ 70-იან წლებში ტელევიზიით  უცხო ენების გაკვეთილები გადიოდა. სტუდიაში იჯდა პედაგოგი და ბავშვი. ეს ბავშვი იყო ანა კორძაია-სამადაშვილი, რომელიც კვირაში ორჯერ ტელევიზიით გერმანულად ესალმებოდა მაყურებელს.

„     ჩვენ არ ვთამაშობდით სათამაშოებით. გატაცებულები ვიყავით კინოთი. ვაგროვებდით სურათებს ჟურნალებიდან. ანას იმდენად მოწესრიგებული ჰგონდა ეს სურათები, რომ ყოველი შემთხვევისათის ერთხელ გადაწყვიტა, რომ ალენ დელონის რამდენიმე პლაკატი უნდა ჰქონოდა. და ეს ნომერი რომ გამოვიდა, ანამ და ჩემმა დამ გადაწყვიტეს მთელი ქალაქის მასშტაბით მოეძებნათ რამდენიმე ნომერი, რადგან ჩვენ მახლობელ ჯიხურში ერთი იყო მხოლოდ. მოვიდა გვიან სახლში და დედამ რომ ჰკითხა, სად იყავიო, ეს გახარებული პასუხად გაჰყვიროდა, დედა, სამი ჟურნალი ვიშოვე, სამი ჟურნალი.“

ნინო ამბობს, რომ დღეს რომ ის კარგი მკითხველია, დიდწილად ანას დამსახურებაა. ანა ბავშობიდანვე ძალიან ბევრს კითხულობდა.

„13-14 წლისები ვიყავით, მეზობელმა, ჩვენმა მეგობარმა მარიკამ   იშოვა ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“. გვითხრა, მე წავიკითხავ და მერე მოგცემთო. ანა რისი ანა იყო, რომ ეს არ გაეკეთებინა: დავინახე, როგორ მოპარა ეს წიგნი მარიკას. მერე ჩავედით ანასთან სახლში და დავინახე, როგორ როგორ შეაცურა ეს წიგნი ბალიშის ქვეშ. მეც გადავწყვიტე, რომ „ქურდის ქურდი ცხონდა“ და ავდექი და ჩუმად გამოვიღე ის წიგნი და წამოვიღე სახლში. ვერაფრით ვერ ამხელდა, რომ ეს წიგნი დაიკარგა, იმიტომ რომ ვერ იტყოდა, რომ მას ჰქონდა. სრულიად მშვიდად წავიკითხე და როცა დავუბრუნე, ისე ძალიან გაუხარდა, რომ მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ  მკითხა, საიდან გქონდაო.“

ნინო ამბობს, რომ ანაზე საუბარი არასოდეს დაეზარება, ანას დედასავით ვარო, ეღიმება. პატარა ანას ბავშობაში თოჯინებით თამაში არ ჰყვარებია.

„ერთადერთი თოჯინებით თამაში იყო ის, რომ თოჯინები გავკრიჭოთო და თმის ზრდის პროცესს დავაკვირდეთო, მეუბნებოდა.ყოველთვის ჰყავდათ სახლში ჯიშიანი ლამაზი კატები. ჩემი კატა იმხელა გაიზრდება, რომ ამაზე შევჯდები და გავაჭენებო. ეს კატები იკარგებოდნენ an რაღაც და მერე ამბობდა, იმიტომაც დაიკარგა, რომ გაიზარდაო.“

ანა გერმანულ ბაღში სწავლობდა. იმდენად კარგად ფლობდა ამ ენას, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მისთვის სლავისტიკა უფრო საინტერესო აღმოჩნდა. 19 წლისამ  კი ჩინური  ენის სწავლა დაიწყო.

-         ჩინური ენა ჩემი დიდი სიყვარულია. მეგობარმა მითხრა, წამო, ჩინურზე ვიაროთო, მე ვუთხარი, თავი ხომ არ მიგირტყამს მეთქი, 14 წლით უფროსი იყო ჩემზე.  „ვაჩემ მითხრა, რომ ადამიანმა ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. მან მითხრა, რომ ყველა ჩემი მარცხი – მწვერვალამდე დარჩენილი ასი მეტრი, დამწვარი საძილე, ძველსლავურის საძაგელი კურსი – ჩინური ენის არცოდნითაა განპირობებული…დიდი წინააღმდეგობა გავუწიე. მე არაფრის სწავლა არ მინდოდა, ისედაც ბევრი რამ მქონდა გასაკეთებელი. რა ჩინური? მე კარგი სტუდენტი ვიყავი, თან ფილოლოგი, ამიტომ სულ ვკითხულობდი, და საუკეთესო პედაგოგები მყავდნენ, რომლებსაც ვეპრანჭებოდი, ამიტომ სულ ვკითხულობდი. მე ბუბა ყარალაშვილის მოსწავლე ვიყავი, რომელსაც ძალიან ვეპრანჭებოდი, ამიტომ სულ ვკითხულობდი. მე მთამსვლელს ვეპრანჭებოდი, ამიტომ სულ მთაში დავიდოდი და ვაჩე ტყის სული იყო, ამიტომ სულ ტყეში დავდიოდი, და ამიტომ სულ ვკითხულობდი. რადგან მას ამბების სმენა უყვარდა, ქრთამად ამბები მიმქონდა. როდის ვასწრებდი, არ ვიცი, მაგრამ სულ მთაში ვიყავი, სულ ტყეში ვიყავი და კარგი სტუდენტი ვიყავი და სულ ვკითხულობდი. ამიტომ ჩინურის სწავლა აღარ მინდოდა.“(ცხელი შოკოლადი.როცა თვრამეტი წლის ვიყავი.ა.კ.ს.)

მაგრამ მერე ვაჩემ ჰკითხა, იალნოს ქედზე გინდაო? თუ წამოხვალ ჩინურზე, წაგიყვან იალნოზეო. ანამ 4 წელი ისწავლა ჩინური ქალბატონ მალისთან. 19 წლის იალნოს ქედზე გახდა. ანა თვლის, რომ მთის სიყვარული ყველაზე მაგარი რამეა, რაც მას ჭირს.

-         თქმულება არის არაჩვეულებრივი, სკანდინავიური. ვინც ერთ ღამეს გაათენებს მთაში, ღამით მოდიან ტროლები და მისი სულის ნახევარი მიაქვთ და იმისათვის, რომ სავსედ იგრძნო თავი, იქ უნდა დაბრუნდე.

ბოლოს მწვერვალისკენ წინა ზაფხულს იყო. სვანეთში, ზესხოს თავზე. ზუსტად ისე, როგორც 22 წლის წინ. აღმოაჩინა, რომ ყველაფერი ისევ ისე იყო. არც ფიზიკურად გასჭირვებია, არც მასში შეცვლილა რამე. და მისი მეგობარი ვახოც ისევ ისეთი ჯუჯღუნა დარჩენილა. მისი ადგილი მთაშია. ანა ალპურ ზონაში ყველაზე კარგი გოგოა.  არ ჩხუბობს და არც ცუდი სიზმრები აქვს.

-         „ცხრამეტი წლისა იალნოზე გავხდი, ჭალაში, სადაც წყარო იყო. კოცონთან გამეღვიძა, თავი – ნაცარში, ფეხები – შეშაზე. უმაგრესი დილა იყო, ყინვიანი, ლურჯ ცაზე მთვარე მოჩანდა.“(ა.კ.ს. ცხელი შოკოლადი)

სიზმრები ვახსენეთ და ანას აკვიატებული სიზმარი მის სახლს უკავშირდება. სახლს, რომელშიც ახლა ცხოვრობს, ბარნოვის 64-ში, „საშიში კიპარისების ეზოში“. ვიღაცას მიუმართავს მერიისათვის წერილით, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა და იქვე ახსენებს, სახლს აქვს ნახევარსარდაფი, რომელსაც აკრავს თხრილივით ჩასასვლელიო. ეს ნახევარსარდაფი ახლა ანა კორძაია-სამადაშვილის სახლია. დიდი ხნის წინათაც ასე იყო, სახლი ანა კორძაიას ეკუთვნოდა, ოღონდ -ბებია ანას. ადვოკატს რომელიღაც სასამართლო პროცესი მოუგია, ჰონორარის ნაცვლად შეუთავაზებიათ ვარდისფერი ავეჯი ან ეს სახლი. ადვოკატი ჭკვიანი ქალი იყო და სახლი არჩია. აკი ვთქვით, ანა ბევრ რამეს უმადლის ამ ქალს-მეთქი. მათ შორის ამ სახლს.

-         იცი, როგორ მიყვარს ეს ოხერ ბარნოვის სახლი? აი, რომ შევალ ხოლმე, ვღრიალებ, მოვედი, ჩემო სახლო და მაგარია. ამ სახლზე ავადმყოფური მიჯაჭვულობა მაქვს. ცუდად ვხდები. ნესტი თუ გაუჩნდა, მეგობარი რომ ავად გაგიხდეს, ეგ გრძნობა მაქვს.

ჰოდა, სიზმრებიც მანამ დაიწყო, სანამ ამ სახლის არსებობას გაიგებდა:

-         აკვიატებული სიზმრები მქონდა მთელი სიცოცხლე. როდის შეწყდა, არ მახსოვს. სახლში შევდივარ. ბნელა. ხელს ვაფათურებ, შუქს ვანთებ. მერე გავდივარ ხელმარცხნივ, კარს ვაღებ. იქაც შუქს ვანთებ. დგას წიგნების კარადა. ვიცი, რომ ჩემი სახლია. და ვგრძნობ, ბიჭო, რა კარგია. ყოველ სიზმარში კარადიდან ვიღებ სტაფილოსფერყდიან „უთავო მხედარს“ და მეღვიძება.

მერე შეწყდა ეს სიზმრები და ანას გადაავიწყდა კიდეც მათი არსებობა. ანა უკვე ბარნოვის სახლში ცხოვრობს. ერთ დღესაც სიზმარი რეალობაში უხდება. ხელის ფათურით შედის თავის სახლში, ოთახში, ჯდება სავარძელში და  თაროდან წიგნს იღებს. „უთავო მხედარია“. და ანა ფიქრობს, რომ ეს ნიშანია, რომ მისი სახლი ისაა. 

       როცა ამ სახლის არსებობა აღმოაჩინა ანამ, პირველად გუგა კოტეტიშვილთან ერთად ჩასულა სანახავად. დახვედრიათ მრავალ შრეებად აკრული და მერე ჩამოძონძილი შპალერი. ღია ფანჯრები და შემოყრილი ნაგავი. იმ დროს ბინა მდგმურებს დაცლილი ჰქონდათ, ერთი ქალი კი, ივანოვა იქ გარდაცვლილა. ანას შემდეგი სიზმრის გმირიც ეს ივანოვა გამხდარა, რომელიც ანას სიზმარში ეუბნებოდა, წადი ამ ბინიდან, ჩემი სახლიაო. მაშინ მამას უთქვამს, სვანები მიტოვებულ სახლში როგორ იქცეოდნენ და ანა ასეც მოიქცა.სახლის ყველა კუთხეში ცეცხლი დაანთო. ააგუგუნა სახლი. მთელი ექსტაზი იყოო, ანა ამბობს. მას შემდეგ ყველაზე ლაჩარსაც  კი მშვიდად სძინავს ამ სახლში.

მეგობრები ამბობენ, რომ ანას სახლის კარი ყველასთვის ღიაა. აბა, რა ჯობია, როცა არავინ გაკონტროლებს, არავის აკონტროლებ და სახლში მისულს სინათლე გხვდება? ერთგავრი კომუნის ნოსტალგია მაქვსო, თვითონ ამბობს. მასთან უცხოვრია მოხეტიალე ცირკის დასს, უკრაინელ ანარქისტ ლესბოსელ ანთიას. ლიტველ დაიკო ეველინას… ჩვენი მის სახლში დაგეგმილი შეხვედრაც არ შედგა. მისი მეგობარი ავად გამხდარა და „სახლში კათარზისი მაქვსო“, ანამ მომიბოდიშა, „ლიტერატურულ კაფეში“ შემოსულმა.

ანა ერთგულია. მეგობრების ერთგულია, თავისი პერსონაჟების ერთგულია. რეზო თაბუკაშვილი ამბობს, რომ ანა არასოდეს მიატოვებს თავის გმირებს, რაც არ უნდა ცუდ დღეში იყვნენ ისინი. არაოდეს გააქილიკებს მათ. ანა გმირებს არ ქმნის. ისინი რეალურად არსებობენ. შეიძლება ერთი პერსონაჟი რამდენიმე ადამიანს წააგავდეს, მაგრამ ანა ამბობს, რომ ვერ გამოიგონებს, რადგან საამისო ფანტაზია არ აქვს. აი, ნიკოსა და მართას ამბავი, მაგალითად, შუშანიკის შვილებიდან, რეალური ურთიერთობაა, თუმცა დასასრული ასე ბრუტალური არ ექნებაo, იმედია. ანა მუდმივად მუშაობს, თარგმანებზე, ახალ მოთხრობებზე. თარგმნის ძირითადად გერმანულიდან. ელფრიდე იელინეკის რომანის „საყვარლები“ თარგმანი, გოეთეს ინსტიტუტის პრემიით დაჯილდოვდა გამოცემამდე.

წერა 34 წლისამ დაიწყო. მაშინ გაზეთ 24 საათში მუშაობდა, ჟურნალისტად. მანამდე კი მუდმივად მოგზაურობდა. სამსახური იწვევდა ჯერ შვედეთში, რომელსაც დღემდე ვერ იტანს, მერე ლიტვაში, სადაც ექვსი თვე დაჰყო და მერე-გერმანიაში. სულ უკვირს, რომ მის სტუდენტებს არ აქვთ სურვილი, მიაფურთხონ ყველაფერს, აიბარგონ და წავიდნენ სადმე. ან აქვთ ეს სურვილი და ვერ ბედავენ. თვითონ კი ყველაზე მეტს იმისთვის გაიღებდა, რომ თავისუფალი გადაადგილების უფლება ჰქონოდა. არ ექნებოდა საზიზღარი მობილური და აბა, რა ჯობია, როცა ტრაილერში ზიხარ და არავის არ აქვს წარმოდგენა, რიკოთზე ხარ თუ ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე.

-          რა უნდა შეგემთხვას? თუ იდიოტი არ ხარ, თრეფიკინგის მსხვერპლი არ გახდები.

ანა ახსოვთ ვედურ ლიტერატურას ჩაკირკიტებული. კრიშნა მისი სერიოზული გატაცება იყო. მუშაობდა კიდეც მისი ახალი ქართული თარგმანის სტილისტიკაზე. ერთ დროს ბრაჰმანის გამოცდისთვისაც ემზადებოდა და  ყოველდღე იმეორებდა სულით და გულით: “მე არ მსურს არც პატივი, არც დიდება, არც ქონება, არც ოჯახი, არც მიმდევრები. მე მხოლოდ შენი ერთგული მსახურება მინდა, ყოველ დაბადებაში”.. არ ჩაუბარებია. ანას ამ რელიგიაში სილაღე მოსწონს. მოსწონს არა რიტუალებისა და ადათების სილამაზე, არამედ ის, რომ ამ რელიგიაში არ არის მარადიული ტანჯვის განცდა, თუ წაიფორთხილებ, ადგები. აქ არ ეშინიათ სიკვდილის, რადგან დანამდვილებით იციან, რომ რაღაც გაგრძელდება.

2003 წელს ლიტერატურული პრემიის „საბას“ მფლობელი ხდება სოფიო კირვალიძე, იგივე – ანა კორძაია-სამადაშვილი. მისი მეგობრები, სოფიო მაჭავარიანი და გელა კირვალიძე ანას ცხოვრებიდან გაქრნენ, თუმცა მის პირველ ფსევდონიმს შემორჩა ერთის სახელი და მეორის-გვარი. ასეთი ფოტოც არსებობს- შუაში ანა, ერთ მხარეს სოფიო და მეორე მხარეს-გელა. პრემია მისი მოთხრობების კრებულმა „ბერიკაობამ“აიღო. მანამდე ანას მოთხრობები სოფიო კირვალიძის სახელით იბეჭდებოდა გაზეთ 24 საათის ლიტერატურულ დამატებაში. „ბერიკაობის“ გამოსვლის შემდეგ ნოდარ ლადარიამ აღნიშნა, გარდაიცვალა სოფიო კირვალიძე და დაიბადა ანა კორძაია-სამადაშვილიო. შემდეგ გამოდის ძველი და ახალი მოთხრობების კრებული“ მე-მარგარიტა“, სულ ბოლოს კი 2011 წელს- რომანი „შუშანიკის შვილები“.

„ანამ იცის ჟარგონის ფასი. მისი ყოველი ფრაზა გმირისათვის ორგანულია. თავის მკითხველს ეძებს ყოველ სიტყვაში“- ანას და რეზო თაბუკაშვილს 10 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ. რეზო მისი ერთ-ერთი პირველი მკითხველია. ამბობს, რომ ანა გამრჯე გოგოა, ბევრს შრომობს, სულ გადარბენაზეა. ყოჩაღი შვილია. ფრთხილად გამოხატავს ემოციებს და უფრთხილდება ადამიანებს. აქვს ზუსტი შეფასების უნარი. არის წინასწარ კეთილგანწყობილი ადამიანი. ყველასთან უპრაგონოდ არ იხსნება. ის შეიძლება გაბედნიერდეს იმითაც, რომ კარგი ადამიანი გაიცნო.

„პატარა სიხარული უამრავია.დიდ სიხარულზე გაცილებით მეტი. დიდი სიხარული სულ რამდენიმე მაგონდება და მხოლოდ მათ იმედად რომ მეცხოვრა, დიდი ხნის მკვდარი ან ძალიან ბოღმიანი ქალი ვიქნებოდი“- წერს ანა.

ანამ ბოღმა არ იცის. ამას ყველა მისი მეგობარი განსაკუთრებულად აღნიშნავს. თვითონ ამბობს, რომ უბედურების გრძნობა იშვიათად აქვს. მას მიაჩნია, რომ ბედნიერი ადამიანია. უხარია პატარ-პატარა სისულელეები. აი, მაგალითად, უხარია ახალი ნაყიდი ქვედაბოლო, რომელიც მეც მანახა. გაბადრული სახე ჰქონდა, გაბრწყინებული. შეიძლება სულაც არ ჩაიცვას, მაგრამ დაკიდა და გახედავს ხოლმე ღიმილით. აბედნიერებს. ანა შეიძლება გაბედნიერდეს იმითაც, რომ სიცივიდან სითბოში შევიდა და აუ, რა მაგარია, თბილა. სათამაშოსავით იგონებს ბედნიერებებს. არ თვლის, რომ თუკი რაიმე ერგო, იმსახურებს და იმიტომ, უბრალოდ, თვლის, რომ საჩუქარი გადმოუგდო ღმერთმა.  ანასთვის დეპრესია ფუფუნებაა. დეპრესიის უფლება თავს უნდა მისცე. ადრე თუ 3 თვეს ნერვიულობდა რაღაცაზე, ახლა- 2 დღეც ყოფნის. დეპრესიის ფუფუნება კი ანას არ აქვს. ის მარჩენალია. დედ-მამა ასაკშია. ანა სჭირდებათ. ნინომაც აღნიშნა, თუ ოდესმე სხვა ქვეყანაში არ დარჩენილა დიდი ხნით, იმიტომ, რომ მშობლები არ მიატოვაო. თუმცა იმ დროს ისინი პატრონობას არ საჭიროვებდნენ.

მარკეტში ერთად შევედით. სპაგეტი იყიდა და გაცხარებით ეძებდა რაღაცას. ბოლოს დავინახე, ხელში კრუასანების შეკვრა ეჭირა. კმაყოფილი სახე ჰქონდა, დედას წავუღებო. ანა მშობლების ერთადერთი შვილია და ეხლა უკვე- ერთადერთი პატრონიც. კაფეში საუბრისას ტელეფონმა დარეკა. ანას სახე უცებ განუზომლად ბავშვური გაუხდა. დასტაცა ტელეფონს ხელი და გარეთ გავარდა. შემოსულმა მოღიმარი სახით მითხრა: მამა იყოო და მივხვდი, რას გულისხმობდა, როცა მეუბნებოდა, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ანგარიშს ვუწევ, მამააო. ანა მამას ყოველთვის ფაქტის წინაშე აყენებს, დაბეჭდავს თავის ნაწერს და მერე აჩვენებს, მანამდე არ უმხელს. „ბერიკაობის“ პრეზენტაციაზეც ისე მიიყვანა, არ უთხრა, სად მიჰყავდა. მამას წიგნი უყიდია. სოფიო კირვალიძის წიგნი. იმ საღამოს ანა სახლში არ მივიდა და ტელეფონზე დარეკა. მამამ უთხრა, იცოდე, ქუჩაში თუ ვინმემ გაგლანძღა, ღირსი ხარო. მიუხვდა. მხოლოდ ერთ რამეზე დარდობს ანა და ზუსტად იცის, რომ სანამ ცოცხალია, ინანებს, იმ ცუდ სიტყვებს, დედას რომ ეუბნება ხოლმე. დედა ავად არის და ანას ზოგჯერ ნერვები ღალატობს.

-         სანამ ცოცხალი ვარ, ყოველ ამ სიტყვას ვინანებ, იმიტომ რომ კრეტინი ვარ. მე რომ ვიფსამდი პატარაობაში, დედაჩემი ხომ არ მაგინებდა? აი, მანდ გამოსავალი ჯერ ვერ მოვნახე. ვალიუმზე ხომ არ დავჯდები? მაშინ ლექციებს ვეღარ წავიკითხავ. იცი, ვინ ყოფილან ყველაზე საზიზღრები? ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. მაგრად გჩაგრავენ.

გამოცდილებამ ანას ერთი რამ ასწავლა: ჩანაცვლება. ამით გადააქვს უსიამოვნებები. ამიტომ არის, რომ ანა სხვებისათვის ოპტიმისტი გოგოა. ბოღმიანი  არ არის, მაგრამ გვარიანი გაბრაზება კი იცის . ჩხუბი უყვარს.

-         ძალიან დიდხანს თუ მიღიცინე რაღაცაზე, შეიძლება დავუშვა ჭიქები, ვეცადო, რომ დაგაშავო…იცი, როგორი სიამოვნებაა აფექტი? რაღაც მაქვს ექსტაზური, მიდი, მიდი, მიდი…ძირითადად ხომ უკან იხევენ ადამიანები, როცა ვიღაცა აფრენს, მე ვბრაზობ,  რატომ იხევს უკან?  კაი ჩხუბს რა ჯობია?!

ყველაზე მეტად შეიძლება გაბრაზდეს, როცა ერთსა და იმავეს გამუდმებით უმეორებენ, გამუდმებით მიანიშნებენ მისი ყოფის თაობაზე. ძირითადად ამის ნიჭი მამაკაცებს აქვთო. ანა ვერ იტანს ეჭვიანობას, აი, ამის გამო შეუძლია, მართლა „დაუშვას“ ყველაფერი. რატომ? თორემ-კი. სახლში არ აქვს ტელევიზორი, ახალი ამბები არ აინტერესებს, დამატებით ნერვების მოშლად არ უღირს. აღიზიანებს გამოგონილი, თავსმოხვეული ფასეულობები, დაწყებული სილამაზის იდეალებიდან, ცოლ-ქმრული იდეალებით დამთავრებული.

-         ვის ატყუებ? რა ოჯახური ფასეულობები? შენი ჭირიმე, ამ ხნის დედაბერი ვარ…ყველაზე დიდი ტყულია, რაც კი საერთოდ მინახავს.. 

ერთხელ წამოსცდა, მოხუცებს და ორსულებს ვერ ვიტანო. ახლა გამიმხილა, რომ ეტყობა, მდგომარეობა, რომელიც აშინებს, არ უყვარს. ცუდად ხდება, როცა ვიღაცა ბავშვს ძუძუს აწოვებს. არანაირი გულის აჩუყება. ბიოლოგიური დონის ზიზღი აქვს. თან ამბობს, რომ სრცხვენია, იმიტომ რომ რაღაც გადახრა არისო.

არასოდეს ჰყოლია ქმარი, შვილი. ამბობს, რომ არ სდომებია. სიზმარში კი უნახავს. პატარა მუცელი აქვს ანას და ტყუპი გოგონები კი ჰყავს. დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს. სხვები დასცინიან, თვითონ კი ეფერება გოგონებს, ნახეთ, რა მაგარი გოგოები იქნებითო.

ანას აღიზიანებს როცა ეუბნებიან, ერთი მაინც გააჩინეო.

-         რატომ? რომ მომიაროს, თუ რა?რა მაიმუნობაა?! რომ დავბერდები, ფულს გადავუხდი და ვიღაცას მაგრად დავჩმორავ, როდესაც ბებერი ვიქნები.

ავადმყოფობის და სიბერის პათოლოგიური შიში აქვს. არც ავადმყოფობს, ფაქტიურად. თითზე ჩამოსათვლელად ახსოვს, როდის გახდა ავად.1989-ში, 9 აპრილამდე, 1995-ში და 2008-ში, როცა კავკასიურმა ნაგაზმა დაკბინა, მერე კი იმუნიტეტი დაუვარდა და გრიპი შეეყარა. ამ უკანასკნელზე ახლაც  ბრაზობს.

ერთგვარი ფსიქოტრავმაა ანასთვის ქერა, კარგად ჩაცმული, მაღალი და თან სათნო ქალები. ალბათ იმ დროიდან, როცა ბავშვობაში გამუდმებით ნიმუშად უყენებდნენ მზეთუნახავის ტიპის გოგონებს, ხუთოსნებს, ოქროსფერთმიანებს… ანას ყოველი მცდელობა, ყოფილიყო ელეგანტური, წყალში ეყრებოდა.

-         მგონია, შიშველი ვარ და ყველა მე მიყურებს.

პატარაობისას ფიქრობდა, რომ ყველა კაცს, რომელიც მას მოსწონდა, ასეთი გოგონები იზიდავდნენ, ქერები, მაღლები…რადგან მას თვითონ მოსწონდა ასეთი ქალები. ის კი ზუსტად იცის, როგორ კაცებს მოსწონთ ანა: გერმანულენოვან, 60-ს გადაცილებულ შეძლებულ მემარცხენეებს.ყველა ასეთი კაცი მისია, ნაომი კემბპელიც კი ვერ უწევს მათთან კონკურენციას. მაგრამ ანას არ მოსწონს ეს კაცები. არც იცის, კონკრეტულად, როგორები მოსწონს, ერთი კია, კაცი თუ კარგი მთხრობელია და მაგარ ამბებს უყვება, შეუძლია, ჰქონდეს ორი თავი და სამი ფეხი, ყველაფერს გაუძლებს ანა.

ნინო ნოზაძე ამბობს, რომ ყველაზე ბევრს ანა მაშინ წერს, როცა შეყვარებულია.

მაშო სამადაშვილი ანას ნათესავია, მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, მაშო გაცილებით პატარაა. ერთმანეთს ბიძაშვილ-მამიდაშვილებად ერგებიან, მაგრამ ანამ გადაწყვიტა, რომ ის მამიდაა და ახლა ყველამ ასე იცის.

„     ყველაზე მეტად ახარებს მეგობრებთან ურთიერთობა . თან მისი ყველა მეგობარი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. სადაც,მივდივართ, კაფეში, სხვაგან,  20 ნაცნობი მაინც ხვდება.“

მაშო ამბობს, რომ სასოწარკვეთილი ანას ნახვა რთულია. პაატა საბელაშვილი კი ანას მეგობარი ფიქრობს, რომ ანა თვითირონიით ცდილობს დაფაროს თავისი დარდი. პაატას „კაფე გალერიში“ შევხვდი, მითხრა, რომ ცოტა დრო ჰქონდა. პაატა თვალებში გიყურებს და მუდმივად აკონტროლებს შენს ყურადღებას, ისე ჰყვება. ყველაზე მეტად კი ანას ჩაცმის სტილზე კითხვა უნათებს თვალებს. ამბობს, რომ

„... ანა ძალიან პრანჭიაა. მისი ყოველდღიური სამოსია განიერი შარვალი და მაისური. სადაც საჭიროა, შეიძლება წარმოუდგენლად გამოპრანჭული გამოგეცხადოს, ლამაზი კაბით. ძალიან უყვარს კარგი ფეხსაცმელი… არაჩვეულებრივად ამზადებს საჭმელებს.“

ანა ვეგეტარიანელია. თვითონ ამბობს, რომ კარგად გამოსდის იმის მომზადება, რაც უყვარს.

ვერცერთი მეგობარი ვერ იხსენებს, რომ ანას  რამე განსაკუთრებული ჩვევა ჰქონდეს. ანაც არც ნივთებზეა დამოკიდებული. ამბობს, რომ მისთვის არ არსებობს სახსოვარი და ამიტომ-ძვირფასი. თუ ძალიან მოგეწონა მისი ბეჭედი, აიღებს და გაჩუქებს. არა იმიტომ, რომ კეთილი გოგოა, უბრალოდ, წაიღე, რა. არ აქვს ქველმოქმედების შეტევები. და უნდა, არა, ვთქვათ, შვიდი მილიონი, არამედ ბევრი ფული. შვიდი მილიონი რომ გამოილევა, მერე?

„ანას მომნუსხველი საუბარი აქვს. ის ისევე სხარტად წერს, როგორც ლაპარაკობს. მუდმივად არის გაღიმებული. რომ ხვდები, ისეთ რაღაცას  მოგიძებნის, რომ კომპლიმენტი გითხრას.  ეს ძალიან დიდი კომფორტს გიქმნის. ვიცი, თავის თავთან მუშაობს ამაზე, რადგან ყოფილა, რომ ვიცი, ცუდ ხასიათზეა და მაინც ასე გექცევა. ეს მისი გარშემომყოფებისთვის დიდი კომფორტია“. (მაშო სამადაშვილი)

ანა ამბობს, რომ თავის თავს მუდმივად უმტკიცებს, რომ სოციალური არსებაა. მაგალითად, მუდმივად აფარებს თავის პატარა ხის მრგვალ მაგიდას გადასაფარებელს. ისეთი უფრო მოსწონს, ალაგ-ალაგ ამოჩორკნილი, მაგრამ ეს სუფრის გადაფარება ერთგვარი რიტუალია. შეუძლია ჭუჭყში იცხოვროს, არ შეაწუხებს, მაგრამ სახლიდან გასვლამდე ან დაძინებამდე ყველა საქმეს მაინც აგვარებს, ალაგებს, თავს უმტკიცებს, რომ ყოჩაღი გოგოა. ესეც რიტუალია. ანას სჯერა, რომ მოვლენები, რომლებიც მის ცხოვრებაში მოულოდნელად ხდება, აუცილებლად რაღაცის ნიშანია. ცრურწმენებისგან თავისუფალი ვარო ამბობს და თუკი სარკე ჩამოვარდა, ვიღაც კი არ მოკვდება, იმიტომ ჩამოვარდა, რომ მე ვერ მივაჭედეო, მაგრამ აი, ნიშნები კი სხვა საქმეა.

-         როცა მიუღებელი სცენარი მეორდება, უნდა მიხვდე, რომ რაღაცაშია საქმე, ვიღაც ზანზალაკს რეკავს.

ანა ოდესღაც ბალეტზე დადიოდა, ხატავდა. ხატვას რაც თავი დაანება, არასოდეს მიბრუნებია. ცეკვა- არ გამოუვიდა. სცენას ახლაც სინანულით უყურებს . შურს, ვინც ახლა სცენაზეა. სცენაზე არა, მაგრამ ცხოვრებაში ანა ახერხებს იყოს ადამიანებისთვის პატარ-პატარა ბედნიერებების მომტანი. ამისათვის ის ბალერინასავით ირჯება, ნადვილი პრიმა-ბალეტინასავით.

 
1 Comment

Posted by on January 16, 2012 in Uncategorized

 

ლიდია

ლიდია სკამის კიდეზე ჩამოჯდა. რამდენიმე წამში ისევ ადგა, ოთახის კართან მივიდა, გამოაღო, მერე ისევ დაკეტა. ისევ სკამზე ჩამოჯდა. ისევ ადგა. კუთხეში მიდგმულ მაგიდასთან მივიდა, სამოვარიდან ჩაი ჩამოასხა ფაიფურის ჭიქაში, მერე კი ჭიქიანად სავარძელზე ჩამოჯდა. ჩაი არ უყვარს, მაგრამ აგერ უკვე მერამდენე თვეა, ასეა, მიდის მაგიდასთან, ისხამს ჩაის, ჩამოჯდება და სვამს. ჩაის სვამს დილით, შუადღეს, საღამოს, დილით, შუადღეს, საღამოს. ეს უცნაური ჩხაკუნიც მუდმივად ჩაესმის ყურში. ლიდიას სულ სცივა. ჩაიც ყოველთვის ნელთბილია. როცა ჭიქა ცარიელდება, ლიდია კბილებს ერთმანეთს მაგრად უჭერს და ცდილობს, კანკალი არ შეემჩნას. ეს მაქმანებიც ჩხვლეტს მთელს ტანზე. საკუთარ სუნთქვაზეც კი აციებს. ყურებში კი სულ ეს ჩხაკუნი.

აჰა, ისევ ეს ბატონი გამოჩნდა. ასეა, მოდის, ხელზე ჰკოცნის, რაღაცებს ლაპარაკობს. ლიდიას არ ესმის. ზის, ღიმილი აქვს მიხატული სახეზე. კაცს ბედნიერი სახე აქვს. ისევ ხელზე ჰკოცნის. მიდის. ლიდიას უნდა ზემოთ აიხედოს. საყვარელი, ჩაშტერებული მზერა უნდა დაინახოს. მაგრამ ჩხაკუნი არ წყდება და

მოახლე შემოდის. კარიდან საწოლამდე, საწოლიდან – კარადამდე, კარადიდან-კარამდე. სწრაფი ნაბიჯით დაშარიშურობს. გადის. სიჩუმეა.

ლიდია თავს ოდნავ გვერდზე ხრის და ზემოთ იხედება. შუქი თვალს ჭრის. ოდნავ წკურავს თვალებს. არჩევს კონტურებს. მინებიდან დიდი თვალები უყურებენ. ისევ ის თვალები. ლიდიას ყოველი კუნთი ეშვება. იღვენთება. მხოლოდ თავი რჩება ზემოთ ატრიალებული და ცრემლები სდის თვალებიდან.

***

სემმა Mac-ი უკმაყოფილოდ დახურა. რაღაც არ გამოსდის. ისევ ეს ქალი. ვერაფერს უხერხებს. რიგიანად ვერც გააღიმა. ჯიუტად უსახურია. მას კი ორ დღეში დედლაინი აქვს.

 
 

კანი, რომელშიც ვცხოვრობთ ქალები

პრემიერის წინა დღეს ბილეთები დავჯავშნე დღის ბოლო ჩვენებაზე, რომელიც 11-ის 15 წუთზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა, სამწუხაროდ, ფილმამდე 1 საათით ადრე მისულს უამრავი გასაყიდი ბილეთი დამხვდა. გულწრფელად გამიკვირდა. ბოლო პერიოდია, თბილისში ყველას საავტორო კინო შეუყვარდა ან “შეუყვარდა” და ყველამ ჰოლივუდის კრიტიკას მიჰყო ხელი, მიუხედავად კომპეტენციისა. ამას დამატებული ისიც, რომ წამყვანმა ქართულმა არხებმა პედრო ალმოდოვარის ბოლო ნამუშევარი “კანი, რომელშიც ვცხოვრობ”, მსუყედ დააანონსეს. ის ის იყო შეგვიშვეს დარბაზში, ნახევარ საათზე მეტი დაგვიანებით, რომ უსაზღვროდ გაგრძელებულმა სარეკლამო რგოლებმა მაყურებლის ნაწილს რული მოჰგვარა. საბედნიეროდ, თავად ფილმმა აღარ მოგვცა ფხიზელ გონებაზე მყოფთ მოდუნების საშუალება. პირველივე კადრებიდან გამოჩენილი ანტონიო ბანდერასის გმირი ნოვატორი დერმატოლოგია, რომელმაც ადამიანის კანის ანალოგი შექმნა. ხელოვნური კანი ცეცხლისა და მწერისაგან დაიცავს ადამიანს. წუთით მოგეჩვენება, რომ ეს მისი სხვა ცხოვრებაა, ჩვეულებრივი კარიერული წარმატება. მის სახლში განვითარებული მოვლენები გაიძულებს თვალი არ მოაცილო თითოეულ კადრს, რომ არაფერი გამოგრჩეს. მიუხედავად ჩახლართული სიუჟეტისა, არ გეძლევა საშუალებას დასვა კითხვა.ამას, უბრალოდ ვერ ასწრებ, რადგან რეჟისორი წვეთ-წვეთ გაძლევს საჭირო ინფორმაციას და გიკმაყოფილებს ცნობისმოყვარეობას. რეჟისორი ფერწერულ მანერას არ ღალატობს. წითელი აქცენტები იმდენად ხაზგასმული აღარ არის, მაგრამ შემოდის ახალი ფერი:იასამნისფერი. საგულისხმოა, რომ ფსიქოლოგები ამ ფერს ამბივალენტურ თვისებას მიაწერენ. ის ცისფრისა და წითლის, ქალური და მამაკაცური თვისებების ერთდროულად მატარებლად აღიქმება. იისფერი აცვია გოგონას, რომელზეც ძალას ხმარობენ. ეს კი ედება საფუძვლად იმ ქმედებას რასაც მთავარი გმირი სჩადის. ფილმის პირველ ნაწილში ექიმისა და მის სახლში გამოკეტილი ქალის ვნება მარტივ შესავლად გეჩვენება, თუმცა მათ სიზმრებში (პირობითად) ცხადდება წინარე ისტორია. თავიდან ვერ ხვდები, რატომ ესიზმრება ქალს ახალგაზრდა ბიჭის თავგადასავალი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ექიმის სიზმართან. ირკვევა, რომ ექიმმა შური იძია ბიჭზე, რომელიც მისი გოგოს გაუპატიურების მცდელობის, ფსიქიკური შოკის და შემდეგ თვითმკვლელობის მთავარი მიზეზი გახდა, გაიტაცებს და ვაგინოპლასტიკის შედეგად ქალად აქცევს.დროთა განმავლობაში მისი სხეული ახალი კანით დაფარა და თავის საყვარელ ცოლს დაამსგავსა, რომელმაც ვერ გაუძლო დამწვრობით დასახიჩრებას და სიცოცხლე ფანჯრიდან გადახტომით დაასრულა. ფილმის ზოგიერთი ნაწილი კი ძალიან მოგვაგონებს ალმადოვარის “კიკას”(ვერას გაუპატიურების სცენა).
ალმოდოვარის ფილმის მთავარი გმირი ხელოვნების მოყვარულია, რასაც მის სახლში დაკიდებული ტილოები მოწმობს(ტიციანი, რუბენსი). ქალი, კი რომელიც მის სახლში ცხოვრობს, ექიმს თავის ოთახში დამონტაჟებულ ეკრანზე ზურგით მწოლარე ხვდება, რომელიც ველასკესის ვენერას მოგაგონებს თავისი პოზით. მხატვარი კანის ფაქტურას გამოკვეთს, რეჟისორიც მაქსიმალურად იდეალურად ხატავს კანს, რომელშიც სინამდვილეში კაცი ცხოვრობს. რეჟისორი ცდილობს ხელშეუხებელი ქალი შექმნას, რომელსაც საკუთარი კანი დაიცავს მწერებისაგან, ცეცხლისაგან და …მამაკაცისაგან. რადგან სცენები რომელიც სექსუალურ აქტებს გამოხატავენ, ძალადობაა. მხოლოდ ქალად ქცეული მამაკაცი ახერხებს გაიმარჯვოს ძალადობაზე. ვერა ახერხებს თავი დააღწიოს უკვე მასზე შეყვარებულ ექიმს და მოკლას ის. შემდეგ კი გამოეცხადოს თავის ლესბოსელ ტრფობის ობიექტს.
ალმოდოვარი ფილმით კიდევ ერთხელ ახსენებს ქალებს, თუ როგორი დაუცველნი არიან ისინი საკუთარი კანით.

 
1 Comment

Posted by on September 24, 2011 in Uncategorized

 

პინა-Privace-ის დედოფალი

“Wath is joy?Dance it.Joy.The soul of movement.”
Pina
მე არ მქონია შესაძლებლობა მენახა პინა სცენაზე, მენახა მისი სპექტაკლები. ის მხოლოდ საყვარელი ფილმის ერთი მონაკვეთიდან და იუთუბზე მოძებნილი ნაწყვეტი კადრებიდან ცოცხლობდა ჩემში. მადლობა იმ იდეის ავტორს, რომელმაც ვენდერსის ამ ფილმის “ამირანში”ჩვენება მოიფიქრა. აფიშიდან იმის გაგებამ, რომ თბილისსა და ბათუმში ვენდერსის “პინა”აგვისტოში სულ ერთი კვირით იქნებოდა ნაჩვენები,სასიამოვნოდ გამაოცა.
არ არსებობს უკვე ნანახი სპექტაკლი, რადგან ერთი და იგივე სპექტაკლი ყოველ ჯერზე სავსეა ახალი შესრულებით და ხელოვნება ყოველ ჯერზე ახლიდან იქმნება, განსხვავებით კინოსაგან, სადაც რამდენჯერაც არ უნდა დაატრიალო კადრი მიიღებ ერთსა და იმავე გამოსახულებასა და ბგერას. მაგრამ არის აქ ერთი დეტალი: თითოეული კადრი სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ინდივიდებზე განსხვავებულად მოქმედებს. ისევე, როგორც საყვარელი წიგნი, სადაც ყოველთვის ერთი და იგივე ტექსტი წერია, მაგრამ როცა ახალი გამოცდილებებით სავსე უბრუნდები, ხელახლა აღმოაჩენ ხოლმე ახალ სათქმელს. ან შეიძლება ეს “სათქმელი” სულაც არ არის და შენ შენით ქმნი ამას შენი ინდივიდუალური აღქმით.ჯერ კიდევ ვალტერ ბენიამინი კინემატოგრაფის საწყისებთან ასკვნიდა, რომ კინო, ტექნიკური რეპროდუცირების ეპოქის ნაყოფი, აკარგვინებს ავთენტურობას ხელოვნების ნიმუშს, რასაც ერთ-ერთ ძირეულად მიიჩნევს ამ უკანასკნელის აღქმისას და განჭვრეტისას. ის კინოს “გართობად” მიიჩნევს და ამით ამდაბლებს მის მნიშნელოვნებას, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ეს “გართობა” მის ტექსტში ძალიან ჰგავს ემპათიას, რაც ხელოვნების ნიმუშის აღქმის ერთ-ერთი სერიოზული წინაპირობაა. არც ისაა გამორიცხული, ინტელეაქტუალურმა ჭვრეტამ, დასცინოს პირველად ემოციურ აღქმას.ვფიქრობ, ვენდერსის ფილმი “პინა” საკმაოდ დიდი რისკია რეჟისორისათვის. გაავლო ზღვარი სპექტაკლსა და კინოს შორის. ან იქნებ სულაც არ არის ეს ზღვარი საჭირო? უყურებ ფილმს და არ ფიქრობ, რეჟისორზე. თავიდან ბოლომდე გაქვს აყვანილი ჰყავხარ პინა ბაუშის ქორეოგრაფიას. აი,ეს არის ემპათია. ვენდერსზე მაშინ იწყებ ფიქრს, როცა გამოდიხარ კინოთეატრიდან ან შეიძლება ფილმის იმ მონაკვეთებში ფხიზლდები, სადაც პინას დასის წევრები საუბრობენ ქორეოგრაფზე.თუმცა ეს საუბრებიც არ არის კონკრეტული, რადგან, როგორც წესი,ისინი პინას ქორეოგრაფიულ რჩევებს იხსენებენ, რომლებიც არც ერთ წესს არ აღნიშნავს და უბრალოდ, ჟღერს ასე: იცეკვე ისე, როგორც ცხოვრობ და რასაც გრძნობ. მხოლოდ გვიან ფიქრობ იმაზე, რომ ცეკვები სრულდება ქუჩაში, მინდორში,კლდეზე და ეს “ეკუთვნის” რეჟისორს.Jun Miyake-ს კომპოზიციები კი მოსვენებას არ გაძლევს და სახლში დაბრუნებისთანავე გაიძულებს, სასწრაფოდ მოძებნო ინტერნეტში. ის ახერხებს უხილავი მედიუმი იყოს სპეტქკლსა და კინომაყურებელს შორის.ფილმის 3D ფორმატში წარმოდგენაც ალბათ ამ მიზანს ემსახურება, იგრძნო ფაქტურა. ამიტომაც არის, რომ ფილმის დასაწყისსა და ბოლოში სცენასთან ერთად ხედავ პარტერის სკამებსაც, რომლითაც რეჟისორი გახსენებს, რომ შენ იქ იყავი, სპექტაკლზე. დასის წევრები “კაფე მიულერზე”მუშაობის გახსენებისას სცენას მინდორში დადგმულ პატარა ყუთში უყურებენ და შენ ამ თამაშში ისე ჰყვები მათ, რომ არ გეხამუშება.
“პინაში” ვერ შეხვდები ვერც-ერთ კარგად ნაცნობ სიმბოლოს, რომლის ნაკლებობასაც არ განიცდის ხოლმე ვენდერსის ფილმები, თუნდაც კიჩის სახით. ამის საშუალებას რეჟისორს არ აძლევს ფილმის მთავარი გმირი, რადგან პინასთან შეუძლებელია წინასწარ მიხვდე რამეს, ყოველი მოძრაობა უპროგნოზოა და განსაკუთრებული, როგორც ადამიანური პირველი ემოცია. ეს არის ყველაზე ცოცხალი სურათი იმისა, რომ გაქვს უფლება უზღვავი მაყურებლის წინაშე დარჩე მარტო . დასის წევრებს კარგად აქვთ ეს უფლება გათავისებული, ეს პინას ანდერძია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პინა არის პრაივესის დედოფალი.

 
Leave a comment

Posted by on August 9, 2011 in Uncategorized

 

Der lauf der dinge

შვეიცარიელი ავტორების ფიშლისა და ვაისის ფილმი „საგანთა მდინარება“(Der Lauf Der Dinge) დაფუძნებულია უამრავ ქიმიურ და ფიზიკურ ცდებზე. ფილმში ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო ნივთები ჟაჭვური რეაქციით მოქმედებენ. ისინი უზარმაზარ სივრცეშია მოთავსებული და წრფივად განლაგებული. საინტერესოა, რომ თითოეული საგნის მოქმედების ინტერვალი თითქმის ტოლია. მონტაჟის როლი კი მინიმუმამდე არის დაყვანილი.
ფილმი იწყება მბრუნავი შავი ფაქტურის ჩვენებით ფართო პლანში, რომელიც შავი პოლიეთილენის პარკია, სავარაუდოდ, ნაგვით სავსე..ეს ჩამოკიდებული მასა საბურავის თავზე ტრიალებს მანამ, სანამ საბურავი არ დაიწყებს მოძრაობას. ეს კომბინაცია ფილმში რამდენჯერმე მეორდება და განსაკუთრებულად აქცენტირეულია. რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ საბურავი ,თავისი მრგვალი ფორმითა და იმპულსის შედეგად მოძრაობის დაწყებით სამყაროს წრებრუნვაზე მიგვანიშნებდეს, ცივილიზაციათა სვლაზე, საბურავის თავზე დაკიდებული ნაგვის პარკი კი ცოტა არ იყოს, პესიმისტურად განაწყობს მაყურებელს ან სულაც სხვა დატვირთვას იძენს, რომ ერთი ცივილიზაციის ნარჩენებზე იგება მეორე..მეორეს ნარჩენებზე-მესამე და ა.შ..
ქიმიური რეაქციებით მიღებული თხევადი, ბლანტი ნივთიერებები განსხვავებული ფაქტურით წარმოგვიდგება, როცა პლანი იცვლება და ერთი შეხედვით ოკეანეს მოგვაგონებს, რომლის ტალღებიც ქვიშიანი სანაპიროსკენ იღწვიან. ფილმში მუდმივად ჩნდება სტიქიის თემა. თითოეული მოძრაობა მიდის საბოლოოდ სტიქიის გამოვლენამდე, იქნება ეს ცეცხლი, თუ ჰაერი, რომლითაც ბუშტი იბერება, წყალი თუ მიწა, რომლის პატარა გროვებშიც ცეცხლი ინთება და ამოქმედებულ ვულკანებს ემსგავსება.
ფილმში კამერა არასოდეს უბრუნდება წინა მოვლენას, მას არ აინტერესებს, როგორ იწვის საგანი, თუკი ახალი ქმედება უნდა განხორციელდეს. ახალ ინფორმაციას გვაწვდის ხედვის თითოეული წერტილიდან და მხოლოდ კონკრეტულ მოვლენაზეა ორიენტირებული.

 

ვარდისფერი სპილო

თედომ ცას ახედა. უცნაურად ახლოს ეჩვენა.ისევ ნაცნობ ამბავს დააბრალა: მასშტაბებთან თამაში უყვარდა მის სხეულს. ხან ლოგინში მწოლარე ისე პატარავდებოდა და მსუბუქდებოდა, თავი ზღვის ქაფი ეგონა, ხან კი-სპილოსავით დიდი ხდებოდა და მერე ეს სპილო ერთი კორპუსიდან მეორე კორპუსამდე გაბმულ თოკზე გადიოდა.თედოს თავიდან გული გაუსკდა, მაგრამ მერე შეეჩვია და ეღიმებოდა, როცა თავის ვარდისფერ თათებსა და ხორთუმს ხედავდა. მეზობლები ხშირად ხედავდნენ ხოლმე ფანჯარასთან მდგარ თვალდახუჭულ თედოს.
ხოდა, ახლაც კაცმა იფიქრა, რაღაც მსგავსი ამბავია ჩემს თავსო, მაგრამ ხორთუმი რომ ვეღარ დაინახა,ამან დააფიქრა.ის კი არა და ვეღარც საკუთარი ფეხები დაინახა ქვემოთ რომ ჩაიხედა. უცებ ელდა ეცა.რაღაცას მიხვდა. მაგრამ თვითონაც ვერ გაეგო,რას.
ასფალტზე მწოლარე კაცი დაინახა. ირგვლივ ხალხი შეგროვილიყო. გული შეეკუმშა.ან კი-სადღა ჰქონდა შესაკუმში გული, ისედაც ჰაერივით იყო. ან – ჰაერი.
კორესპოდენტები შემთხვევის ადგილიდან გადასცემდნენ რეპორტაჟს: „44 წლის თედო ბერიანიძე მეზობლების თქმით, ხშირად იყურებოდა ცაში“.

 

ნინა

-ალექსი დაბრუნებულა.
-რომელი ალექსი?
-ტატიაანთი.
-რას ამბობ, აკი მოკლესო გერმანელებმა?
-დაბრუნდა კი და..
-საწყალი ნინა. როგორ გაიხარებდა.
-ვითომ? ქალაქში რომ ქალი ცხოვრობს და ქმარი ომში წაუვა. იიჰ. რა ვიცი, რა ვიცი. არ მინდა ცოდოობა ვთქო.
25 წლის იყო ლამაზი ნინა და სამი შვილის გაჩენა კი მოესწრო. ყველაზე პატარა 3 თვის ჰყავდა, ალექსის რომ ომში დაუძახეს. იმ ომში,დღეს რომ დავობენ,იყო თუ არა სამამულო ჩვენთვისო. ომი ომია. გინდ სამამულო იყოს და გინდ -ტურფა ელენასათვის. ომი-ომია. ბევრი იტირა ღამით ნინამ, მაგრამ ქმარს ცრემლი არ დაანახა. დილითაც ადრიანად ადგა. ქმარს ტანსაცმელი გაუმზადა. მერე შვილებს დახედა და ალექსი შეანჯღრია: ადე, ინათა უკვეო. ისიც უმალ წამოდგა.უმალ გაემზადა.უმალ წავიდა. მანამდე კი ნინას გრძელ თმაში ძლიერი ხელები შეუცურა, სახე დაუჭირა და ლურჯი, გაწყლიანებული თვალები დაუკოცნა.
ნინა ისე ცხოვრობდა, როგორც ყველა ომში წასულის ცოლი. ბავშვებიც წამოიზარდნენ. მამამთილი ხშირად მოდიოდა. მოჰქონდა რაც კი შეეძლო, შვილიშვილებს შიმშილი რომ არ ეგრძნოთ. ნინას თვალებს დღითი-დღე ელვარება აკლდებოდა, თმას -სიგრძე. ერთხელაც შორეული ნათესავი მოადგა ნინას კარს. მადლობელი ვარო,უთხრა. შენმა ქმარმა გაგანია ომში, ტყვეობაში მყოფს მიპატრონაო. სიამაყით აევსო გული, სახეზეც დააჩნდა. ნელ-ნელა მატულობდა მადლობის და ამბის სათქმელად მოსულთა რიცხვი და ნინაც შეეჩვია, ბედნიერი ღიმილით უმასპინძლდებოდა სტუმრებს და ისმენდა ამბებს. თან ჩუმად დღეებს ინიშნავდა, ვინ როდის ნახა ალექსი ბოლოს.
ალექსი უცხო ტანსაცმლით დაბრუნდა სახლში. შინ შემოსულს ნინამ უცნაური ელფერი შეატყო, არაამქვეყნიური,მაგრამ მყისიერად მოიცილა ავი ფიქრები და ქმარს შეეგება.
კაცი თითქმის არაფერს ჰყვებოდა. მისი საუბრიდან მხოლოდ ის გაიგო ნინამ, რომ თავისიანებს დაჭრილი ალექსი მკვდარი ჰგონებიათ და მიუტოვებიათ. გერმანელებს უპოვიათ ცოცხალ-მკვდარი. უმკურნალეს. ტყვე არ ყოფილა.
დაბრუნებულმა ალექსიმ მუშაობა დაიწყო.დღისით სკოლაში ბავშვებს გერმანულს ასწავლიდა, საღამოობით კი ლაბორატორიაში ჩაჰკირკიტებდა წიგნებს. სახლში მისვლა რომ შეაგვიანდა, ნინამ ბავშვი გაგზავნა. მეზობელმა მოაკითხა, აღრიალებულ შვილთან ერთად და ნინას მუხლები მოეკვეთა.
მამამთილმა ქალაქში არ გააჩერა. მოჰკიდა ხელი და შვილიშვილებთან ერთად სოფელში წაიყვანა, ქვითკირის სახლში. იეჭვა, ქალაქში ვინმე არ გადაეყაროს და ბავშვები უპატრონოდ არ დატოვოსო.
ერთხელ, ნინა კარადაში ალექსის იმ ტანისამოსს გადააწყდა, დაბრუნებისას რომ ეცვა. მუხლებზე დაიდო და თავი ჩარგო,ერთხანს გაყუჩებული იყო ასე. რაღაც ენიშნა. ქამარი მოსინჯა ხელით და თითებით ნაკერის გახსნას ეცადა.მაკრატელი მოიტანა სასწრაფოდ. აკანკალებული ხელებით ძლივს გაჭრა ქსოვილი. ალალბედზე, დისშვილი შემოვიდა ოთახში. ნინამ ტკივილისაგან გათეთრებული თვალები მიაპყრო, ხელით ბეჭედი გაუწოდა და კბილებში გამოცრა: გამომართვი,ბედნიერებაში მოიხმარე.

 
 

სიზმრები იაპონიაზე

ტყეში ქორწილია.დახუჭე თვალები ,გაძვერი ცისარტყელის ქვეშ და დაისიზმრე მოცელილ ატმის ხეთა სულები. ტყეში ქორწილია…
მე ხშირად ვხედავ სიზმრებს, სიზმრებს – იაპონიაზე. ჩაის სინოდან ვსვამ და მოკუმული წითელი ტუჩებით გიწვევ. უხმოდ ვდგები და ბაღში გავდივარ. ვგრძნობ, რომ მომყვები. ტანით ვგრძნობ და მეც არ ვჩერდები. მერე ცეკვას ვიწყებ. ვცეკვავ მანამ, სანამ აყვავებულ ატმის ხედ არ ვიქცევი. ნიავის ქროლვაზე მცვივა და მცვივა ფურცლები. შენ კი დგახარ და გახევებული უყურებ ჩემს ყვავილობას. ვერც კი გრძნობ, როგორ იფარები ჩემით. ასე მოგიმწყვდევ და ვიტყვი, რომ ყოველი ჩემი უჯრედი სიცოცხლეა, რომ თითოეული ადამიანი სხვადასხვა რასისაა და ამიტომ , ყველა -ერთის..რომ თითოეულ ზმნას თავისი მუსიკა აქვს, არა ჟღერადობის, არამედ-მოძრაობის ან სულაც – უძრაობის და მოისმინე, მოისმინე ატმის ხეების სულების სიმღერა, სანამ მოსმენა შეგიძლია.

 

აქა ამბავი

მარტია, მარტის შუა რიცხვები. ფანჯრიდან ვიხედები. ისეთი ქარია და ისეთი მზე, შორეულ ტრანსილვანიაში მგონია თავი. აივანზე გავდივარ. ვცდილობ, სარეცხი ჩამოვხსნა. ახალი აშენებული კორპუსია და ჩემი აივნიდან ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელი ეზო მოჩანს, ლითონის გაურკვეველი კონსტრუქციის ნაწილებით. რამდენიმე შიშველი ხე დგას და ისინიც ამ ქარში საცოდავად ჩხაკუნობენ.
„შენი დედა მოვ..ან, ვის რა ჩემ ყ..დ უნდა შენი ცოლის ზინტლიანი ნიფხვები..“
ქარს მეტად კარგად მოაქვს ბგერები-ზედმეტად სუფთან და მჭახედ.
ქვემოთ ვიხედები. ორი კაცი ერთმანეთს ხელებს უშლის, იფურთხება, ზემოთ მოყვანილ თემას აგრძელებს. ერთი შედარებით ასაკიანია, ღრმად პატივსაცემი ღიპი შეემჩნევა..მეორე..მეორეს დასანახად მიწევს ფეხის წვერებზე აწევა და გადაკიდება აივნის რიკულზე. ისეთი ტიპია,რა..აი, თბილისელი „მაჩოები“ რომ არიან, ასე 35 წლამდე. რომ ჩაივლიან და ცხვირს მოგაძრობენ „არმანის“ სურნელით, ჩემი სადარბაზოს ლიფტში ხშირად რომ იგრძნობა.
ეს ჩვენი „არმანი“ გაგანია ჩხუბში და ღიპიანის სავარაუდოდ აწითლებული „ღაწვების“ ფონზე აქა-იქ განზე დგება, ორანტას პოზაში :
…აუ,ეს რა ყ..ა,ჩემი დედა მოვ..ან.
ამასობაში მესმის ქალის კაკანი თუ ქაქანი. ვხედავ მოჩხუბარი კაცების გვერდით ორი ქალი დგას. ერთი ზედმეტად აღელვებულია, მეორე კი თავს აკანტურებს, „აშკარად ჭირისუფალია“. ვარჩევ სიტყვებს: “დავინახე, ეგ იყო, აიღო და ჯიბეში ჩაიდო..ქალი ვარ, თავმოყვარეობა მაქვს, ვინ უნდა ატაროს ჩემი საცვალი ჯიბით,მაგას ის ხომ არ ვგონივარ..”
ამასობაში „არმანი“ წყობიდან გამოდის და ღიპიანს ქეჩოში წვდება,ის როგორც ჩანს, არ ელოდა ამას, დასაკლავი ღორივით მორთავს ბღავილს და ჯართში იხლართება. ქალები წიოკს ტეხენ და ქოქოლას აყრიან მაჩოს, რომელიც ლანძღვა-გინებით შედის სადარბაზოში.
მორჩა კინო…
სარეცხის აკრეფას განვაგრძობ. ვხედავ, ჩემი ტანგა როგორ მისხლტება ხელიდან და მიფრინავს ქვემოთ.. სასწრაფოდ უკან ვბრუნდები..მაგრად ვკეტავ კარს და ვრთავ ტელევიზორს.

 

camera lucida

როლან ბარტი,ფრანგი სტრუქტურალისტი და სემიოტიკის მკვლევარი, ნაშრომში „კამერა ლუციდა“,ფოტოგრაფიას განიხილავს ონთოლოგიური საფუძვლებიდან. აღნიშნული ნამუშევარი ავტორის უკანასკნელი წიგნია,რომელიც მის სიცოცხლეშივე გამოიცა. „camera lucida” ლათინურად“ ნათელ ოთახს“ ნიშნავს.ეს არის ხელსაწყო,რომელიც თავისი მოწყობით კამერა-ობსკურას ჰგავს.მისი საშუალებით შესაძლებელია ზუსტი პერსპექტივის და გამოსახულების მიღება.
როლან ბარტი ფოტოგრაფიას თავისი არსით უფრო თეატრს ამსგავსებს.ამბობს,რომ ის უფრო თეატრს ჰგავს სიკვდილის გადმოცემის მექანიზმით.თეატრში ადამიანის გამოყოფა გუნდიდან მოხდა იმისათვის,რომ მას შეესრულებინა გარდაცვლილის როლი.გრიმი ნიშნავდა აღნიშვნას,რომ ის იყო ცოცხალი და ამავე დროს-მკვდარი.ისევე, როგორც გრიმი ყინავს ადამიანის სახეს პირველყოფილ თეატრში,ფოტოზეც ასეა აღბეჭდილი გარდაცვლილი.
ბარტი გამოყოფს ფოტოგრაფიის “ სიურპრიზებს“:სუბიექტების იშვიათობა,უცაბედი,მნიშნელოვანი სცენები, გაბედული ტრიუკები(რომელიც თავად არ აინტერესებს და წარმოადგენს სწრაფად გადაღებულ კადრებს);ასევე წუნის მიზანმიმართული გამოყენება.ასე მუშაობენ ჟერმენ კრული,კიორტეში,უილიამ კლაინი.
ფოტოგრაფია ბარტის აზრით,მაშინ ხდება განუმეორებელი,როდესაც თავს ანებებენ იმის ძიებას, თუ რა არის კომპოზიციაში ღირებული, რითაც დაინტერესდა ფოტოგრაფი. ასევე გამოყოფს ორ ფიგურას,Spectator-დამთვალიერებელი და Spectrum-რეფერენტი,სამიზნე.ის ირჩევს სიტყვა Spectrum-ს,რადგან ახლოსაა სპექტაკლთან, რომლის არსთანაც განიხილავს ფოტოგრაფიას ბარტი. ასევე ამბობს,რომ სპექტატორი ქმნის ან კლავს საკუთარ თავს პოზირებისას.და განიხილავს რამდენიმე შრეს:“ ობიექტივის წინ მე ერთდროულად ვარ ის, რა ადამიანდაც ვთვლი თავს, ვარ ისიც, როგორადაც მინდა ჩამთვალონ; ისიც, როგორც მე ფოტოგრაფი აღმიქვამს და ისიც, ვისითაც ის სარგებლობს, რომ თავისი ხელოვნება გამოავლინოს…”
სრულყოფილი მაშინ არის ფოტო,თუკი ფოტოგრაფი მას სუბიექტისაგან შეუმჩნევლად იღებს. ასე გამოდის ფოტოგრაფია“შოკი“,რომელიც არა ჭრილობის მიყენებაზე,არამედ იმის გახსნაში,რასაც სუბიექტი ან იგნორირებას უკეთებდა ან ქვეცნობიერად მალავდა.
ფოტოგრაფია სხვა არაფერია,თუ არა ნიღბის მორგება.ავედონის ფოტოში უილიამ კესბი:დაბადებული მონად 1963. ავედონი ნიღაბში აშიშვლებს მონობის არსს. ნიღბის ფოტოგრაფიას შეუძლია გამოიწვიოს შეშფოთება.
მაგალითად 1854 წელს გადაღებული ჩარლზ კლიფორდის ფოტო იმით ხიბლავს,რომ მასზე ასახული სახლი არის ის,სადაც დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა.ეს შეგრძნება ტურისტულ ფოტოებში არ გვხვდება.ეს პეიზაჟური ფოტოები არ უნდა იყოს მოსანახულებელი.აქვე ბარტს მოჰყავს ფროიდის სიტყვები დედის სხეულზე რომ არ არის ადგილი,სადაც ისეთივე დარწმუნებით იტყვი: მე იქ უკვე ვიყავი.
როლან ბარტი განიხილავს ერთგვაროვან ფოტოს, რომელიც ემპათიურად გარდაქმნის სინამდვილეს. რეპორტაჟული ფოტო იშვიათადაა ერთგვაროვანი.მას შეუძლიათ შოკის გამოწვევა,მაგრამ არა-შეშფოთების. ის გამომდინარეობს Punctum-დან და ერთი დანახვით აღიქმება. ბარტს აინტერესებს ასეთი ფოტოები,მაგრამ არ უყვარს.
„camera lucida“-თავისი სტრუქტურით განსხვავებული ნაშრომია, სადაც ავტორი დღიურის ან მხატვრული ნაწარმოების მსგავსად წერს, რომლის მთავარი პერსონაჟიც თავადაა. მაგალითად,როცა დედის ფოტოზე გვიყვება, არ შეიძლება თანაგანცდის გარეშე წაიკითხო ეს პასაჟები. ის საუბრობს და უღრმავდება ძალიან პრივატულ დეტალებს და ისე აცნობს მკითხველს თავის ანალიზს.
ერთგვაროვან ფოტოებს მიაკუთვნებს ბარტი პორნოგრაფიას(არა-ეროტიკას),რომელსაც ერთადერთი აღქმა აქვს-სექსი.თუმცა როდესაც მეიპლტორფი სასქესო ორგანოს იღებს ფართო პლანში,ის უკვე აღარაა ერთგვაროვანი ფოტო,რადგან ინტერესს იწვევს დეტალი-ფაქტურა,კანი,რაც ცვლის აღქმის რეჟიმს.ეს არის Punctum. ბარტი განასხვავებს პორნოგრაფიას ეროტიკული ფოტოსაგან.თუ პირველის შემთხვევაში ხედავ სექსს-როგორც Punctum-ს,მეორე შემთხვევაში იგი არის კადრს მიღმა.
ავტორი განიხილავს მეიპლტორფის მეორე ფოტოსაც,სადაც გამოსახულნი არიან ფილ გლასი და ბობ უილსონი და აღნიშნავს,რომ ბობ უილსონი მასზე გავლენას ახდენს,მაგრამ ვერ ხვდება-რით. ის ეხება პირადულის განუსაზღვრელ ზონას.
ვან დერ ზეეს ფოტოზე,რომელიც 1926 წელს იქნა გადაღებული და რომელზეც ამერიკელ შავკანიანთა ოჯახია გამოსახული კარგად იგრძნობა studium-ი: რესპექტაბელურობა,ზეიმურობა ტანისამოსში,სოციალური სტატუსი-შეიმოსოს ისე,როგორც იმოსებიან თეთრკანიანები.მაგრამ აქვე აღნიშნავს Punctum-ს, რადგან მის ყურადღებას იპყრობს ქალის თასმებიანი ფეხსაცმელი,რაც უკვე ფოტოსადმი სიმპათიას განაპირობებს.
კიორტეშის 1926 წელს გადაღებულ“ ტრისტან ცარა მონოკლით“,აკვირდები ხელს,დიდ ხელს-ჭუჭყიანი ფრჩხილებით.
ბარტის აზრით, კიორტეშის ფოტო მევიოლინე რუმინელი ბოშათი,კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას,რომ ხელოვნება არის მედიუმი,რადგან თიხანარევი გზის ფაქტურა მას რუმინეთსა და უნგრეთში მოგზაურობას ახსენებს,მის აღქმაში ხდება რეფერენტი ხელმისაწვდომი.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ მოგვიანებით ტექსტში ის უარყოფს ფოტოგრაფიას,როგორც ხელოვნებას.
ბარტს მოჰყავს ასევე მიჩელსის მიერ გადაღებული ენდი უორჰოლის პორტრეტი,სადაც არტისტი სახეს ორივე ხელით იფარავს.თითქოს უორჰოლი არაფერს არ მალავს,რადგან ვკითხულობ მის ხელებს -ეს სტუდიუმია,პუნქტუმი კი-მისი ნიჩბისებური და რბილი ფრჩხილის ფაქტურაა.
კენ ვესინგის ფოტოს შესახებ,სადაც მონაზვნებთან ერთად ჯარისკაცები არიან გამოსახულნი და ეს არის გარკვეული რაკურსის არჩევით განპირობებული,ბარტი ამბობს,რომ ფოტო მასზე ამ ორი ელემენტის,მონაზვნებისა და ჯარისკაცების ერთად დანახვით ახდენს გავლენას. მონაზვნებმა ”შემთხვევით გაიარეს” და აღმოჩნდნენ უკანა პლანზე. რეალურობიდან გამომდინარე, რომელსაც ალბათ მიჯნავს ოპერატორი, ამ ”დეტალების” არსებობას ბევრი მიზეზი ამართლებს: კათოლიკური ეკლესია ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში ძლიერია; ბერები მოწყალების დების როლს ხშირად ასრულებენ და მათთვის ნებადართულია გადაადგილება და ა.შ. თუმცა, Spectator-ის პოზიციით, ”დეტალი” აქ ყოველგვარი მიზეზის გარეშეა ასახული; სურათი შემოქმედებითი ლოგიკის მიხედვით სულაც არაა ”შედგენილი”.
საბოლოო ჯამში, studium-ყოველთვის კოდირებულია, Punctum-კი არასოდეს.ხანდახან Punctum ჩნდება პოსტ ფაქტუმ,როცა ფოტოს აღარ ვუყურებ და მასზე ვფიქრობ.ამის მაგალითია ვან დერ ზეეს ფოტო,რომელზეც ბარტი ამბობს: „მეგონა,რომ Punctum-ს განაპირობებდა ზონრიანი ფეხსაცმელი.მხოლოდ გვიან მივხვდი რომ ეს იყო არა ფეხსაცმელი,არამედ ჟაჭვი,რომელიც ქალს გულზე ჰკიდია,ზუსტად ისეთი,როგორიც ჰქონდა შინაბერა მამიდაჩემს.“
ბარტს მოჰყავს კაფკას სიტყვები,რომელიც ამბობს,რომ „იმისთვის,რომ საგნები ამოიგდო გონებიდან,მას ფოტოს უღებ.ჩემი ამბები კი თვალის დახუჭვის მცდელობაა“და ფოტოს აღსაქმელად თვალების დახუჭვას Punctum-ის ძიების საუკეთესო გზად განიხილავს,როცა დეტალები ყოველგვარი „ნაგვის“გარეშე აღწევენ გონებამდე.
დედამისის ფოტოს შესახებ,რომელიც გადაღებულია ზამთრის ბაღში, ბარტი წერს, რომ მისთვის ეს არის შუბერტის უკანაკნელი ნაწარმოები, სიკვდილამდე დაწერილი და ასევე მისი პირველი ნაწარმოები,რადგანაც ის უერთებს განცდებს დედის არსებობასა და მის სიკვდილს შორის.იგი აღნიშნავს,რომ ნებისმიერი გონივრული მიდგომა ამ ფოტოსადმი შეუძლებელია,რადგან ეს მისი პირადი Punctum-ია, სხვისთვის კი-მორიგი ფოტო და studium-ეპოქის მახასიათებლებით,ინფორმატიული გარემოთი. მისი თქმით, studuim ზარმაცია,მისი ჟესტებია გადაფურცვლა,ჩქარი ან პასიური დათვალიერება. Punctum-ის გააზრება კი ხდება პირიქით, ისეთი მახვილი, როგორც მტაცებელი ცხოველი გადახტომის წინ.

ავტორი ფოტოგრაფიისს გაჩენას არა ფერწერის,არამედ ქიმიის დამსახურებად მიიჩნევს და ამბობს,რომ ფოტოგრაფიის ლექსიკონი ვერაგია იმ თვალსაზრისით,რომ მასში არის ტერმინი“ფოტოს გამჟღავნება,რომელიც ქიმიურ პროცესს გულისხმობს,მაგრამ რეალურად გაუმჟღავნებელი რჩება მთავარი:არსი. ეს არის კავშირი, კონტაქტი ოდესღაც არსებულსა და აღმქმელ- Spectator-ს შორის. ამავე დროს ავტორი ფოტოგრაფიას ადარებს ჰოკუს,სადაც ყველაფერია მოცემული,მაგრამ რეალურად,ჩანაწერი-გაუმჟღავნებელი. ასევე თვლის,რომ ფერი ფოტოზე არის იგივე,რაც მიცვალებულის შეღებვა და თმის გასწორება(აქ საუბარია იმ გადასახედიდან,როცა ნეგატივზე აკეთებენ ტუშირებას).ბარტის აზრით,ხელოვნება არ არის შეშლილთა საქმე და თუ ფოტოგრაფიის მოთინიერება გვსურს, ის ხელოვნებად უნდა გარდავქმნათ ან სულაც,გავხადოთ იგი ბანალური.

 
 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.